top of page

Maka Kartheiser

03.11.2014

 

დილის 6:30 წუთია. მაღვიძარა აყვირდა - თვალებს და გონებას ერთად ვახელ.
დღეს ჩიკაგოში მივდივარ - სწრაფი მატარებლით, რომელსაც “Merta” ჰქვია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეც სწრაფად უნდა მოვემზადო.

სარკესთან ყოფნას დიდ დროს არასდროს ვუთმობ... ახლა მითუმეტეს.
არ ვიცი, ის ქალები, რომლებსაც თმები მუდამ დაუთოვებულ-გაპრიალებული აქვთ, ხოლო თვალები  ძვირადღირებული ნახატივით - ლამაზად მოხატული...
რამდენი ხნით ადრე იღვიძენებ, ყველაფერი რომ მოასწრონ?

უჰ, არ ვიცი.
მე  არასოდეს გამომდიოდა და დავანებე კიდეც - თმები ყოველთვის თავის ნებაზე  ფრიალებენ.

სამზარეულოში ჩავრბივარ, ყავას ვიდუღებ - ჯემიანი პური და ყავა ჩემი საუზმეა.  

ზედა სართულიდან ხმები მესმის. ბიჭები იღვიძებენ. მადლობა ღმერთს, იმ ასაკიდან გამოვედით, აქეთ-იქით  რომ ვატარებდი მანქანით...
მაინც რა იყო  ის ერთი  წელი, სანამ ლევანიკო მართვის მოწმობას აიღებდა?!
ტაქსისტივით, დილიდან დაღამებამდე დავატარებდი ოთხ  ბიჭს სკოლასა და სპორტზე.

უჰ...
ამ მოგონებას თავიდან ვიცილებ, ყავის ბოლო ყლუპს ვსვამ, ხელჩანთას საჭირო ნივთებით ვტენი და კარისკენ გავრბივარ...
 

ვაღებ კარს და... მოულოდნელად თოვლის  ფანტელები  მეგებებიან ციდან!
თუმცა, ამ სიჩქარეში ვის ცალია აღფრთოვანებისთვის?

სიბნელეს ნათელი დევნის. ჩემს წინ მიმავალი მანქანების უკანა ფარები წითლად ჰმატებენ აისს - რაღაც, რომანტიულიც კია თითქოს.

„მეტრას“ სადგურამდე რვა  წუთი მჭირდება. ცოტაც, და „პარკინგ ლოტზე“ ვარ.
„მადლობა ღმერთს!“
ცარიელი ადგილი არც ისე ადვილი საპოვნელია... განსაკუთრებით სამუშაო დღეებში.
„76“ - ვიმახსოვრებ ნომერს და მივრბივარ ყუთისკენ, სადაც სადგომის საფასრს, 1.50 $ ვაგდებ,

მატარებლის საყვირი მაფხიზლებს, შლაგბაუმი გადაკეტილია და ველოდები გზის გახსნას. თმებზე ფანტელები მაცვივა და რაღაც იდუმალი სიყვარულით მეფერებიან. არ ცივა და ამიტომ, თოვლი ძალიანაც მსიამოვნებს. რაღაც გამოთქმა მახსენდება: არის რაღაც ლამაზი ყოველ დღეში. მთავარია, ჩვენ შევძლოთ მისი დანახვაო

ბილეთის გამყიდველი ჭაღარაწვერებიანი მამაკაცი ღიმილით მესალმება. მაძლევს ბილეთს და ღიმილითვე მემშვიდობება:

„Have a Great weekend!”  - ამ ძლიერად და თბილად ნათქვამმა სიტყვებმა განწყობა გამილამაზეს: „დიდებული შაბათ-კვირა მელის!“ - გამკრა უნებურად.

მატარებელში მეორე სართულზე ასვლა მიყვარს. აქ სკამები ცალ-ცალადაა სიგრძეზე ჩამწკრივებული. ზემოთ არავინაა და ჩემს გემოზე ვკალათდები - წინა სკამზე ფეხებს ვაწყობ, ვიღებ ბლოკნოტს და ვიწყებ ამ დღიურის წერას.

თვალებში მზე მიჭყიტინებს უკვე, ვიცი უმაგრესი დღე მექნება და ჰო, უმაგრესი „უიქენდი“.

 

P.S.

მაღაზიიდან გამოვედი  - ჩიკაგო, მიჩიგანის ხალხმრავალი ქუჩა..
უწვრილესი სეტყვა ისეთი სწრაფი ტემპით ცვიოდა ციდან და ისე ირეოდა ქარში და ხალხში, სასაცილო და უცნაურ სანახაობოდ უფრო მეცვენაეს.
გავრბოდი მეტროსკენ -  სუფთა და ლაღია ქალაქი;
ხალხი -  ქაოტური, მაგრამ  ბედნიერი.

და მეც ღიმილით ვიმოკლებდი ამ ბედნიერ ქაოსში გზას.  

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page