top of page

Maka Kartheiser

04.10.2013
 

დღეს სკოლაში არ მიმუშავია. ისე, დილა საქმიანად დავიწყე.
როგორც ყოველთვის, ჩემს მაგიდაზე ასობით ფურცელი მიმოფანტულიყო...
ეს ყველაფერი სამზარეულოში, შავმარმარილოიან ქაუნთერზე ხდება. აქაურობა კაი ხნის წინ „დავიპყარი“ - კაბინეტის სერიოზულობას ეს დიდი, ნათელი ადგილი ვარჩიე. ერთი მხარე, მინებიანი კარ-ფანჯრითაა დაფარული, საიდანაც ჩვენს უკანა ეზოს გავყურებ ხოლმე - ტყეს არ ჩამოუვარდება.
ძალიან მიყვარს ამგვარი თავისუფლება, სივრცე და, ალბათ, იმიტომ ავირჩიე ეს ოთახი.
ამ ფურცლებს შორის, ერთი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: მისახედ-გასაკეთებელ საქმეთა გრძელი სია. ადრე, მსგავს ნუსხას ყოველთვისაც ინსტიქტურად ვწერდი ხოლმე. ახლა კი გამიზნულად ვაკეთებ ამას - იმდენი რამ მაქვს ტვინში, მის გარეშე არაფერი მექნებოდა მოგვარებული. მე კი საქმეების ბოლომდე მიყვანა მიყვარს. მომწონს, როცა ფინალს ვაღწევ და სიაში ერთ პუნქტს გადავხაზავ - წარმატების განცდა მეუფლება და შემდეგი საკითხის მოგვარებასაც მეტი მონდომებით ვუდგები.
ჰოდა, დღესაც ასე იყო.
მერე, სახლში მოსვლისთანავე, ველოსიპედით სასეირნოდ გავედი. ჩვენი უბანი ძალიან მშვიდია - კაციშვილის ჭაჭანება არაა.
მანქანა ისე, შიგადაშიგ თუ გაივლის ხოლმე.
ფოთლებიც არ ირხევიან.
ადამიანები ხომ, არ ჩანან და არ ჩანან...
თავიდან ძალიან განვიცდიდი.
„არაფერი მოძრაობს! ქარიც კი არხევს ფოთლებს! არც ადამიანები დადიან!“ - ეს იყო ჩემი „ტრაგედია“ და დეპრესიის მიზეზი.
მერე კი, ჩემი ადგილი დავიმკვიდრე ამ „სიმშვიდეში“.
ისეთი დარი იყო, სულს რომ ახარებს ხოლმე - ოცნების მსგავსი დღე. მზე უხვად აფრქვევდა სხივებს. ულურჯესი ცა და ხასხასა სიმწვანე კი ჩემს განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
ჩავრთე ჩემი i-Pod - ბავშვებისგან მერგო, „მემკვიდრეობით“.
„ჩემი“ ქართული რეპერტუარიდან, რამდენიმე სიმღერა განსაკუთრებით მომწონს, ერთი კი ექსკლუზივია. ვინ იცის, იქნებ მილიონჯერაც მიმოსმენია...
ასე ვიცი  ხოლმე, თუ რამე მომწონს, ვუსმენ და ვუსმენ. ბიჭები მიგიჟდებოდნენ...
ბოლოს, ყურსასმენები მაჩუქეს.
მაგრამ დღეს სხვა სიმღერა მოელამუნა ამ ოცნებასავით უნაკლო დღეს.
სწორედ, ამ სიმღერის შესაფერისი ამინდი იყო დღეს ჩემთან.
და ორივე ერთად, მზეც და სიმღერაც სულში მიღვრიდა სითბოს

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page