top of page

Maka Kartheiser

08.11.2014

 

დღე საინტერესოდ და უცნაურად დაიწყო - ჩიკაგოდან მიუნხენამდე, როგორც არასდროს, მთელი გზა მეძინა.

წამოსვლამდე, მეგობარმა მირჩია, მიუნხენის აეროპორტში 8 საათიანი ლოდინის და ჭკუიდან გადასვლის ნაცვლად, ქალაქი დამეთვალიერებინა. მადლობა კარგ მეგობრებს, თორემ ამდენ ფიქრსა და იდეების ალიაქოთში, ეს ხომ აზრადაც არ მომივიდოდა...

“ვაჰ სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა! ....

სადაურსა სად წაიყვან...“
აღარ ვაგრძელებ.
ქალაქისკენ მიმავალ მატარებელში მჯდომს,  ეს სიტყვები მიტრიალებს გონებაში.  მივდივარ, რათა ჩავისუნთქო გერმანული ჰაერი.
აღფრთოვანებული ვარ და მადლობას ვუძღვნი ღმერთს.

- მარია პლაზა - მესმის სადგურის დასახელება და რამდენიმე წუთში, სიძველისა და დახვეწილობის ევროპულ მოედანზე აღმოვჩნდი.
დავდივარ და აშკარად ვიცინი. არ ვიცი ვინ რას იფიქრებს ამაზე?
უჰ,  ჩაკირულმა „ვინ რას იფიქრებ“-მა ამოყო თავი...
არც არავინ არაფერს არ იფიქრებს, ერთი იმიტომ, რომ ყველა ბედნიერია და ბედნიერ ადამიანებს აზრადაც არ მოსდით სხვების განსჯა, და მეორე, ისინიც იცინიან და ჩემი რატომ უნდა გაუკვირეთ?
მოკლედ, მე არც ერთი არგუმენტი არ მაინტერესებს - დავდივარ და ვიცინი.
მიხარია!
სულს უხარია სიმშვიდე.
მოედანი სავსეა ფოტოაპარატმომარჯვებული ტურისტებით, ველოსიპედებზე შემომსხდარი, მომხიბლავი მოგზაურებით, ავტობუსებით და რესტორნებით და მაინც, მაინც წესრიგი იგრძნობა, ალბათ შინაგანი წესრიგი.

ვუხვევ პატარა ქუჩაზე და უზარმაზარი ეკლესია მეგებება. ავდივარ საუკუნოვან ქვის რამდენიმე კიბეზე, მძიმედ ვაწვები უზარმაზარ მოჩუქურთმებულ კარებს და....

საოცარი  სიმშვიდე ვცლის ერთი წამის წინ მარერიალიზმის მჩქეფარებას.  იქვე ვჯდები კათოლიკური ეკლესიისათვის დამახასიათებელ ჩამწკრივებულ  სკამებზე და ფიქრებში ვიძირები. ისეთი ატმოსფეროა, წარმოუდგენელია მადლიერების გრძნობით არ აივსო, და უცებ იმ ათასობით ადამიანის  მადლობელიც ვარ, რომლებმაც საუკუნეების მანძილზე უსახელოდ თავიანთი ძალა და ენერგია შეალიეს ასეთი ღირსშესანიშნაობების აგებას, ახლა რომ ჩვენ ისე ვუყურებთ, თითქოსდა, აქაც არაფერიო....

მერე , სწორედ, ამ მიწიერებისა და სულიერების შერწყმის ფონზე, ღმერთს მადლობას ვუძღვნი სირთულეებისთვისაც კი, რომლებსაც გამოცდად და შესაბამისად, გასაძლიერებლად მიგზავნის ხოლმე,  მერე კი,  მათი ღირსეულად გადალახვის შემდეგ, მაჯილდოებს კიდეც  საოცრებებით.

...

ზუსტად 4:00 საათია. ეს დრო ეს წამია მამცნო მიუნხენის მარია  პლაზის, ლამის ცასთთან შეერთებულ სამრეკლოზე მოთავსებულმა  ულამაზესმა საათმა,  სიძველისა და დროისგან ფერშეცვლილ შენობას რომ ამშვენებს.  ამ დროისთვის მე უკვე მეტი ვეღარ გავუძელი მარტო აღფრთოვანებულმა სიარულს და იქვე, რესტორნიდან გარეთ გამოტანილ ქოლგიან მაგიდებიდან ერთ-ერთს  მივუჯექი,  გერმანული ტრადიციული ლუდი შევუკვეთე და .... მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო,   ამოვიღე ჩემი განუყრელი ლეპტოპი და თქვენ გიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

აქვე,  მიუნხენელი მუსიკოსები  ნაციონალურ ტანსაცმელებში გამოწყოუბილან და , გერმანული მუსიკით ატკბობენ  გარემოს  და მე  ნელ-ნელა ვთვრები ამ ჰანგებით, ხედებით და ლუდით.

ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და...

რამდენიმე წუთში ეს „მიუნხენელი“ მუსიკოსები „თბილისოს“ დაამღერებენ.  თელაველი ქართველ მამაკაცს, რომელიც ამ სიმღერას უკვეთავს,  გამოვემცნაურები.  ახლა,  გერმანიის უცხო  მიწაზე ჩვენ ახლობლები ვართ. 

ამ, რამდენიმესაათიან აღმაფრთოვანებელ დღეს  ქართული ჰანგები აგვირგვინებენ და მე, ასე დაქანცული ვტოვებ  ბინდში გახვეულ მარია პლაზას

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page