top of page

Maka Kartheiser

12.10.2013
 

გუშინ ისტორიის მასწავლებელი შევცვალე.
ისტორიკოსი რომ არ ვარ?
აქ ასე ხდება: ვცვლი ნებისმიერი საგნის მასწავლებელს, თუნდაც ქიმიის ან ტრიგონომეტრიის.
ახლა იფიქრებთ, არც ეს საგნები იცი, როგორ ასწავლიო...
მასწავლებელს დღის განმავლობაში ჩასატარებელი გაკვეთილების გეგმა საოცრად ორგანიზებულად აქვს დატოვებული.  მეც იოლად ვუღებ ალღოს და ვიძლევი მითითებებს. მოსწავლეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. ჩემი მთავარი დანიშნულებაა ვუხელმძღვანელო ამ პროცესს, წესრიგი შევინარჩუნო, კითხვებზე  ვუპასუხო და ავუხსნა გაკვეთილი...ძირითადად, მე-5 კლასის პროგრამიდან.
თუმცა, გუშინ მე-10 კლასელებთან ვიყავი... 
ძნელი არ იყო - ალექსანდრე მაკედონელს გადიოდნენ. მასწავლებლის დავალებით, თემაზე დამოუკიდებლად უნდა ემუშავათ. ჰოდა, რა მიჭირდა - გავეცი მითითებები და დავჯექი წყნარად.
ამ სიწყნარეში პირველი შთაბეჭდილება გამახსენდა...
მოსწავლეთა ყოფა-ქცევითა და მასწავლებელთა ორგანიზებულობით აღფრთოვანებულს, ეს ჩანაწერი გამიკეთებია:

„10 ოქტომბერი, 2012 წელი
აღფრთოვანებული ვარ!!!!! რა სფეროში აღარ მიმოღვაწია და აი, დღეს  High School-ში, 14-17 წლის მოსწავლეებთან ფიზიკის მასწავლებელს ვცვლი. ბავშვებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ნიკა და სანდროს დედობაც მარკას მიწევს!! ყველა ინტერესს იჩენს ჩვენი არაამერიკელობის, ანუ ქართველობის მიმართ და მეც, ჩემს სტიქიაში შევდივარ - ვიწყებ თხრობას, თუ ვინ ვართ და საიდან...
მერე, უცებ, შედარებას ვაკეთებ. 
მინდა წარმოვიდგინო, თუ როგორი დამოკიდებულებაა შემცვლელი მასწავლებლის მიმართ ქართული სკოლის გარემოში.
მიჭირს.
მხოლოდ ჩემს სკოლას ვიხსენებ და ვფიქრობ:
„ვაი, საწყალი მასწავლებლები ჩვენს ხელში, გადარეული, უხეში, უზრდელი, მოჩხუბარი, ხმაურიანი, დედის გინების მოყვარული, ჯიბეში დანით მოსიარულე მოსწავლეების დევნა რომ უწევდათ...
აქ, ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც, როგორც საქართველოში ჰგონიათ, ყველაფერი ცუდი ამ ქვეყნიდან იწყება - მე მიხარია!“

ოცნება გავაგრძელე: წარმოვიდგინე საქართველოს დღევანდელი სკოლა, მასწავლებელი და... მოსწავლე - ჩამოყალიბებული, ზრდილობიანი, დინჯი, პედაგოგის პატივისმცემელი, თავისი საქმით დაკავებული, სწავლის მოსურნე, საკუთარ თავში დარწმუნებულები.
მომავალს ახალი თაობები ქმნიან. საქართველოში წინსვლა მხოლოდ საქმისადმი ასეთი მიდგომით იქნება შესაძლებელი. პიროვნული სრულყოფილებისკენ სვლა, ყველა სფეროში წარმატების საწინდარია...
ამ ფიქრებში გართულმა, ზევით ავიხედე და რას ვხედავ: მთელი ჭერი დაფარულია სხვა და სხვა ქვეყნების დროშებით. ზუსტად ჩემს ზემოთ კი... საქართველოს დროშა არაა?
ჩუმად წამოვდექი, ტელეფონის კამერა მოვამზადე და ბავშვებს ხელით ვანიშნე: თქვენ ყურადღება არ მომაქციოთ, მე ამას სურათი უნდა გადავუღო მეთქი.
მართლაც, არავინ განძრეულა. ჩაეღიმათ და თავიანთი საქმე გააგრძელეს. მე კი, ამაყი და ბედნიერი ვიყავი: ჩემი საქართველო ჩემთან იყო.
გაკვეთილის ბოლოს, ყველას  მადლობა გადავუხადე, რადგან მუდამ ასე კარგები და ზრდილობიანები არიან.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page