top of page

Maka Kartheiser

12.11.2013
 

facebook-მა კაცობრიობა კომპიუტერს მიაწება. რა გასაკვირია და, მეც.
სამშობლოდან შორს, ძალიან შორს ვარ, ამიტომაც, „ფეისბუკი“ მეგობრული თუ საქმიანი კავშირების შენარჩუნებისა თუ დამყარების წყაროდ მქცევია.
საქართველოს შვილს სადარდელი არსად  გველევა - არც სამშობლოში, არც მის გარეთ და არც კომპიუტერებში „შემძვრალს“. ეს ხასიათად გვქცევია და სულაც არაფერი რომ არ იყოს სანერვიულო, მაინც შევიქმნით მსგავს სიტუაციებს. მაინც და მაინც იმ კუთხით მივუდგებით საკითხს, რომ ვიდარდოთ, რაიმე ნაკლი მოვძებნოთ, დავუწუნოთ  და დავიწუნოთ სხვისი მცდელობა. თუ რამე შეეშალათ და, ხომ იმ წამსვე „გავბედნიერდებით“?!
გამარჯვებულის ტონით შეცდომასა და ნაკლზე მივუთითებთ, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ საქმე გააუმჯობესონ, არამედ სიხარულით, რომ ვერ ივარგეს...
ალბერტ აინშტაინზე ჭკვიანადაც მოგვაქვს თავი, თორემ მის ნათქვამს გავითვალისწინებდით - მას არ შეშლია არაფერი, ვისაც არასდროს სიახლე არ უცდიაო და ვართ ასე - დაუნდობელნი, განმკიცხავნი, რადიკალურები.
არადა, იქნებ სჯობდა, ყველას გვეცადა რაიმე საკუთრის შექმნა...
თუნდაც შეცდომით - გამოცდილებას მაინც შევიძენდით...

ადრე ძალიან მტკიოდა გული - საქართველოს გულშემატკივარს, დარდით გამთენებია ბევრი დილაც, ფორიაქში გამიტარებია უამრავი დღეც და უძილო ღამეც.

ვითომდა, ეს facebook მეგობრობის და ურთიერთობის მომტანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველებისთვის ესეც მორიგ საკამათო და საძიძგილაო ფრონტად გადაიქცა - საზოგადოების წევრთა მუდმივი შეუთანხმებლობის, კინკლაობის, ერთმანეთთან დაპირისპირებისა და ორად გაყოფილი აზრის სივრცედ.
არაფერს ვამბობ გულისამრევ „სტატიებზე“, ბინძურ ჭორებზე - ამ ე. წ. ჟურნალისტური დეგრადირების გამოვლინებაზე, რომლითაც არა ერთი ცდილობს ხელის მოთბობას.
მათდა სამწუხაროდ, და ჩემდა საბედნიეროდ, მე ახლა მხოლოდ სათაურსღა ვკითხულობ, რადგან მასში გამოტანილი ბოღმის, ანგარიშგასწორების, შურისძიების, მუქარის ტონის მერე, არანაირი სურვილი არ მაქვს "კონვერტი" გავსხნა - ისედაც ყველაფერი ნათელია - ისევ შუღლი.
არა, აზრის სხვადასხვაობა პრობლემა არაა, მაგრამ ჩვენში, მხოლოდ უარყოფითი ენერგიის მანქანა მუშაობს სრული დატვირთვით. და რაც უნდა თქვან, რომც ვეთანხმებოდეთ, მაინც საწინააღმდეგოს დავამტკიცებთ.
იქნებ რამეც მოგვწონებოდა?
რჩვები მიგვეცა, ერთმანეთისთვის კეთილგანწყობილად მოგველოცა თუნდაც სულ მცირე წარმატება, რათა წაგვეხალისებინა  „ჩვენივე მეგობრები“.
არა, როგორ მოვიწონებთ? მერე ჩვენს „სიამაყეს“ რა პასუხი გავცეთ, სხვათა წარმატება რომ ვაღიაროთ?
არადა, იმასაც ვერ ვხვდებით, რომ ეს "სიჩუმე" უფრო შესამჩნევია და ასე ცხადად ვაღიარებთ სხვათა უპირატესობას.
რა მოხდება, ერთმანეთის აზრის პატივისცემა რომ შეგვეძლოს და მშვიდი გონებით აზროვნება?
სიფიცხემ, ემოციებმა და განსაკუთრებით ამ ყბადაღებულმა ტემპერამენტიანობამ, რითც ასე ვიქებდით თავს, ნამდვილად არ მოგვიტანა სიკეთე.
ახლაც, ბევრს ალბათ შეკამათებაც მოგინდეთ - შენ აქ არა ხარ და რა გესმისო...
ერთი მხრივ, ეგებ მართალიცაა - მე არ ვარ მოვლენების შუაგულში, მაგრამ მერწმუნეთ, არაა აუცილებელი მაინც და მაინც ქარცეცხლში იდგე, საქართველოში იყო, რომ გული შეგტკიოდეს - იქნებ, შორიდან უკეთესადაც ვხედავთ ჩვენ, ემიგრანტები.
ცხადია, ყველა არა, მაგრამ მერწმუნეთ, მართლაც ბლომად არიან ჩემნაირები, მუდმივად იმას რომ ფიქრობენ, თუ რა გააკეთონ საქართველოსვის...
რომ, ეგებ, რაიმეთი მაინც შევაშველოთ ხელი მაქაურ დაბზარულ, ნამსხვრევებად ქცევის პირას მისულ სამშობლოს, ტრადიციებსაც...
იქნებ რწმენასაც.
ვიცი, ხმამაღლა ჟღერს და მართლაც, ჩვენ რა ძალგვიძს?
თანაც, თუ თქვენი მხრიდან არ იქნება განწყობა, მონდომება, სურვილი..
და ჩვენც ასე გულნატკენები ვარგძელებთ ცხოვრებას. ხანდახან წამოგვცდება: დავანებოთ თავი ამაზე ფიქრსო, მაგრამ მერე, იმ წამსვე, ისმის პასუხი - არ შემიძლია! და ეს გვაფხიზლებს და გვახვედრებს, რომ მართლაც, არ შეგვიძლია, ვინაიდან ფესვები მანდ გვაქვს - გვექაჩება და, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გვტკიოდეს გული...
იქნებ და, თქვენზე მეტადაც გვტკივა ეს გული, ამ სიშორე მანძილიდან...
არადა, ცხოვრება გადის, ჯანმრთელობა იკარგება, სიცოცხლე ქრება.

ჩემი გადმოსახედიდან, facebook ერის სახეა...
ვისურვებდი, რომ გავიღვიძებ და ჩავიხედები ერის ამ სარკეში, დავინახო ლამაზი, იმედის მომცემი სტატუსები, დასახული მიზნები, გეგმები… ვიკითხო საიტერესო ამბები, მიღწევები, ლამაზი ისტორიბი...
ახლა, ხომ თითქოს ახალი ეტაპი დაიწყო...
მე ასე წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში - ახალი პრეზიდენტი, ახალი მთავრობა, ახალი იმედები, ახალი მიზნები…
არა, რა! - იგივე გრძელდება - არაფერი იცვლება.
ის კი არა, ემატება - ახალი ჭორები და უსაგნო სტატიები.
ჟურნალისტებიც, კვლავ სიხარულით აგრძელებენ ამ ჩაყვითლებულ მასალებზე ხელის მოთბობას და ამასობაში, მთელი საქართველოც ბოტკინიანივით ჩაყვითლებულა.
მოკლედ, ნურავის დააბრალებთ, თუ ისევ არაფერი შეიცვლება... თუ ისევ ცოტა ხნის მერე უკმაყოფილონი იქნებით.

ერთხელ, თბილისიდან ასეც მომწერეს:

"რასაც შენ მანდ საშინლად განიცდი, მაგაზე, მე აქ, მართალი გითხრა, ნუ გაიკვირვებ და მაგრად მეცინება ხოლმე!!!"
ამ სიტყვების დამწერს უდიდეს პატივს ვცემ, მის აზრს ვაფასებ, და მით უფრო მეტად ვრწმუნდები, როგორი ალოგიკურია ეს ყველაფერი..
გაგვლანძღეს კიდეც ემიგრანტები... ჩვენივე "კაცთმოყვარე და მორწმუნე მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ქართველებმა“ - გადახვეწილებო, თქვენს თავს მიხედეთო...
ჰა-ჰა-ჰა! - მწარედ მეცინება.
ალბათ სწორედ ამას გრძნობდა ილია, როცა დაწერა, „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო“

პარალელს ვავლებ იმ ერთან, ვისთანაც შეხება მაქვს - ამერიკელებთან - როგორ გვაფასებენ, როგორ პატივს გვცემენ, აინტერესებთ ჩვენი კულტურა და ისტორია, გვაძლევენ შანსს ვიყოთ წარმატებულები, და არანაირი გარჩევა არაა მათგან, ვართ თუ არა ამ ქვეყნიდან....
როგორი სასაცილოა?!
ნეტა ვინ უფრო მორწმუნეა?
ვინ უფრო ჰუმანურია?
ვინ უფრო ქრისტიანია?
ვინ უფრო კეთილია?
ვის უფრო მეტი ღირებულებები აქვს?
რა საცოდავები ვართ, თუ გვჯერა, რომ რადგან მართლმადიდებლები გვქვია, თავისთავად, ყველაზ მაღლა ვდგავართ.
რას ვიზამ... იფიქრონ ასე მათ, ვისაც ასე ესმის.
მე ის ვიცი, რომ ასეთი ადამიანები, შორს ვერ გაფრინდებიან...
ჩვენ კი, მართალია გულები გვტკივა, მაგრამ ვიფრენთ ისევ... ჩვენ.
და საკმაოდ მაღლაც!!!

7-8 წლისწინანდელი ამბავი მახსენდება. ოჯახში ვმუშობდი ძიძად. ჰალოუინის პერიოდი იყო. ჰარისონი, 14 წლის ბიჭი, ჰალოუინისთვის კოსტუმს არჩევდა. უნდოდა ვამპირის თვალები ჰქონოდა და მწვანე ჩასისხლიანებულ კონტაქტურ ლინზებს ირგებდა. ამასობაში საკუთარი თვალებიც უსისხლიანდებოდა. მაგრამ  ჯიუტად აგრძელებდა მცდელობას.
26 წლის მელისა, ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი და რეპეტიტორი, საკმაოდ განათლებული და კომპეტენტური, ჰარისონთან ყოველ დღე მოდიოდა. მას შევჩივლე, როგორ შეიძლება, თალებს იფუჭებს ჰარისონი, უნდა გადავაფიქრებინოთ-მეთქი... (ჩემი ქართული კატეგირიულობა ბუნებრივად ამოქმედდა - ჩვენ ხომ სულ ვეუბნებოდით და გვეუბნებოდნენ, რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ, და სწორედ ამან დაგვიკარგა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი)
- არა მაკა, ახლა ჰარისონი არავის აზრს არ გაიზიარებს, ჯიუტად ჰგონია რომ მხოლოდ იგია მართალი. ჩვენ უნდა მივუშვათ, გააკეთოს ის, რაც სურს, და როცა თვალები ისე ეტკინება, რომ თავ-ბედს დაიწყევლის, მერე მიხვდება თავის შეცდომას. ზოგჯერ საჭიროა, ადამიანებმა იწვნიონ საკუთარი შეცდომების შედეგები, რომ მიხვდნენ და შეცვალონ თავიანთი აზროვნება.
მელისას სიტყვებმა დამარწმუნა, რომ მართლაც, აზრი არ ჰქონდა შეგონებებს.
იმ ჰალოუინზე ჰარისონს ხელოვნური ლინზები აღარ დასჭირვებია - საკუთარიც საკმარისად სისხლიანი ჰქონდა.
მე მაინც იმედს ვიტოვებ (რა ვარ ასეთი გამოუსწორებელი, ჯიუტი ნეტა?!), რომ ზოგი მაინც თვალების ჩასისხლიანებამდე არ მიიყვანს საქმეს და ეცდება სხვა, დადებითი კუთხით შეხედოს ყოველივეს..
მაშინ კი...
მაშინ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page