top of page

Maka Kartheiser

16.10.2014

 

ბავშვობაში ყველანი სიყვარულზე ვოცნებობდით...

ჩვენს წარმოდგენაში, თეთრ რაშზე ამხედრებული  უფლისწული მოვიდოდა, მოგვწყვეტდა მიწიდან, შემოგვსვამდა უნაგირზე და ჰაიდაააა!

გვეგონა, რომ ჩვენი ცხოვრება იქნებოდა ბედნიერების ზღაპარი - ასე გულუბრყვილოდ ვიზრდებოდით, მაგრამ ზღაპარი არა და არ ცხადდებოდა, ჩვენ კი ველოდით და ამ ლოდინში, წლები გარბოდა.

ცხოვრება რომ ასე იოლად ახდენილი ნატვრა იყოს, მაშინ რაღა გვიჭირდა? - მაშინ ხომ უბედნიერესნი ვიქნებოდით?...

თუმცა, ვიქნებოდით კი?

ჩვენი ფიზიკური „მე“ ხომ,  ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოა. ვნატრობთ. მერე  ღმერთი დაგვაჯილდოვებს ამ ნატვრის ასრულებით და ჩვენ კი...
არა, რაღაც მაინც არაა ისე, რომ ბოლომდე გვაკმაყოფილებდეს! რაღაც მაინც აკლია ამ ჯილდოს...
მერე,  კიდევ  მეტს ვნატრობთ.

სიყვარული ჯილდოა, ღმერთისაგან ბოძებული და თუ განგება მას გვარგუნებს, მაშინ  მივხვდებით, რა ყოფილა ნამდვილი ბედნიერება, რა ყოფილა ღირებული ამ სამყაროში, რა ბედნიერება ყოფილა თავად სიცოცხლე, რომელსაც, ზოგჯერ, ასე აგდებულადაც ვეპყრობით ადამიანები - ჩვენსას თუ სხვისას.

ამ ჯილდოს, ალბათ, რჩეულებს უძღვნის ღმერთი. არავინ ვიცით, ვის და როდის, ან რატომ. ან, გვეღირსება კი, საერთოდ, ეს უმაღლესი ჯილდო?

და თუ საოცრება მოხდება და  რჩეულთა შორის აღმოვჩნდებით, აი სირთულეც სწორედ მაშინ იწყება.
ბევრი გამოცდა გვექნება ჩასაბარებელი; ბევრი ჯებირი გვექნება გადასალახი. ცეცხლმოდებული ბეწვის ხიდიც ბევრჯერ შეგვხვდება ბედნიერების მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე.
უფსკრულებიც და სალი კლდეებიც აღიმართება ჩვენს წინ.
ბნელი, უღრანი ტყეების გავლაც მოგვიწევს...
ცხადია, ადვილი არ იქნება სვლა, ბევრი ტკივილი და ბევრი ცრემლიც გველის, იქნებ,  ლოდინის გულისმომკლავი წამებიც საუკუნედ გვექცეს.

ეს ყველაფერი კი, სინამდვილეში გამოცდაა, რომელსაც უნდა გავუძლოთ, თუ გვინდა შევიგრძნოთ ცხოვრების სიმშვენიერე, თავად სიყვარული.

და თუ შევძელით, გავუძელით, გადავიარეთ და გადავლახეთ. მართლაც რომ რჩეულნი ვყოფილვართ. და ასეთ დროს კი,  ყოველივე ფიზიკური კარგავს მნიშვნელობას, ასეთ დროს ერთდერთი გრძნობა, მადლიერებაა, რომ ეს სასწაული შენ წილად გხვდა.

სიყვარული, რომელიც საწყისია ყოველივესი და რომელიც ასე ჩაკარგულია მიწიერ და ფიზიკურ სურვილებში, მატერიალური სამყაროს ყოველდღიურობაში, საკუთარ თავს გვაპოვნინებს... იქნებ ცხოვრების სირთულეებში  ჩაფლულ ნიჭსაც აღმოგვაჩენინებს.
ჩვენ გვიყვარს ეს სრულყოფილების განცდა და სწორედ ამიტომ გვიყვარს ეს სიყვარული.

მერე ჩვენი წილი სირთულე ძალაში გადაგვყავს.
„სადაც ხარ, როგორც ხარ და რამდენადაც ხარ“ ამბობ ადამიანი და იცი, რომ ეს სიტყვებიც, თავისთავად, ჯილდოა, იმიტომ, რომ ამ თითქოსდა მცირედით, შენი სული ბედნიერია. და სინამდვილეში, ეს „მცირედი“ ამ წუთისოფელში  მთელი სამყაროა.
უფრო მეტიც, - სამყარო ჩვენში...
თავად ჩვენ ვართ  სამყარო,  ვინაიდან ვართ მთელი.

სიმშვიდე იპყრობს სულს - იცი, რომ რომ ეგ გრძნობა შენია და მუდამ შენთან იქნება და ფიქრობ:

ამ მონატრებას მტრედისფერ საბანს გადავაფარებ

მაღლა ღრუბლებში შევინახავ ძვირფას სამკაულს,

მერე სიმშვიდე გამეფდება ირგვლივ  მოლურჯო,

ყოველ ცისმარე მე დავუცდი ნამდვილ სასწაულს.


და ლოცულობ, ვინაიდან სიყვარული თავად ღმერთია

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page