top of page

Maka Kartheiser

17.10.2013
 

ნეტავ, რა არის ბედნიერება?
განა ბედნიერება არაა, მზე რომ გვითენებს ახალ დღეს, სავსეს ახალი შესაძლებლობებით?
კარგი შვილიც ხომ ბედნიერებაა?
მშობლების ჯანმრთელობა, ჩვენი კარგად ყოფნა....
თუ, ღმერთის წყალობით, არ გვშია და ტანთ გვაცვია, ესეც ბედნიერებაა.
თუ მიზანს დავისახავთ და მივაღწევთ, ბედნიერებას ვიგრძნობთ...
ხოლო თუ ის ერთი, ის ერთადერთი იპოვნე...
თუ დადგა დროება, როცა გრძნობ, რომ, ერთი პოეტისა არ იყოს, მზად ხარ მთელი სამყარო მიუძღვნა მას...
მას, ვინც გაღიმებს, გახარებს, სულში სითბოს და სინათლეს გიღვრის...
მაშინ ბედნიერების ზენიტში ყოფილხარ ადამიანი.
ჩვენ, კი.... მაინც სულ ვეძებთ.
იქნებ, წამია ბედნიერება, ან წუთი, ერთი დღე... და მერე, დანარჩენი დრო ამ წამით სულდგმულობაა?
არ ვიცი.
მგონია, დაბნეული მარგალიტებივით უნდა შევაგროვოთ: ერთი მარგალიტი, მეორე, მესამე...
ერთი, იქნებ, სადღაც კუნჭულში აღმოვაჩინოთ, მეორე - სადმე მინდორში გაგორებული...
მთავარია, დავინახოთ და როდესაც ვიპოვნით, გავუფრთხილდეთ.
მუდმივი ბედნიერება არსებობს, ნეტა? 
ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვასწავლეს რა იყო ბედნიერება და როგორ უნდა შეგვეგრძნო იგი. მუდამ შორს ვიყურებოდით და იმაზე ვდარდობდით, რაც არ გვქონდა, რასაც ვერ ვაღწევდით...
და ისე რომ არ მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა?
და საქმე რომ არ გამოვიდეს?
და რომ არ შემიყვაროს?
...და ხელთარსებულით ტკბობას ვერასდროს ვუგებდით გემოს.
ერთხელ, ერთმა მითხრა, იმაზე ნერვიულობის ნაცვლად, რაც, შესაძლოა, არც მოხდეს 2-3 წლის შემდეგ, გიჯობს ის დააფასო და შეირგო, რაც ახლა გაგაჩნიაო. და მერე ყველა ის სიმდიდრე ჩამომითვალა, რაც მართლაც გამაჩნდა: ჯანმრთელობა, შვილები, მშობლები, საქმე, მეგობრები....
სია თითოეულ თქვენგანსაც გრძელიც გამოუვა, თუ დაუფიქრდებით... 
უილიამ გლედსტოუნს უთქვამს: „იყავი ბედნიერი, იმით, რაც გაქვს და ვინც ხარ. კარგად შეიგრძნე და დააფასე ორივე მდგომარეობა და არასდროს მოგიწევს ბედნიერებაზე ნადირობაო“.
ამერიკელები Day by Day მიუყვებიან ცხოვრებას. ყოველი დღიდან იღებენ სიამოვნებას, შეიგრძნობენ წამს. და ეს, საბოლოო ჯამში, იქნებ უფრო ღრმაცააა, ვიდრე ჩვენებური - ხვალინდელი დღის გამო ღელვაში, დღევანდელის ვერშეგრძნება. ზოგჯერ კი, მომავლის შიშით, არსებულით გარისკვაც კი.
წიგნში The Power of now, ეკარტ ტოლი წერს: „ბედნიერება ჩვენშივე არსებული სიმდიდრეა და, შეურყეველი სულიერი სიმშვიდეც სწორედ მისგან მომდინარეობს. მატერიალურად, რაც უნდა მდიდარი იყოს ადამიანი, თუ საკუთარ ეგოში ეს ძალა ვერ აღმოაჩინა, მაინც უქონელივით იგრძნობს თავს. ასეთი ადამიანი მუდამ სხვაგან ეძებს სიამოვნების წყაროს, რათა შეივსოს, გამთლიანდეს. სხვისგან ელის მისი შესაძლებლობების შეფასებას, სიყვარულსა და ძალას, მაშინ, როცა განძი მასშივეა. ეს განძი არა მხოლოდ შეიცავს ამ ყოველივეს, არამედ უზომოდ დიდია. იმაზე დიდიც, რაც მატერიალურ სამყაროს ოდესმე შეუძლია მოგვცეს.“
არადა, ზოგჯერ, ბედნიერებისათვის სულ ცოტაც კმარა:
ერთი ღიმილი
ერთი თბილი სიტყვა
ერთ ჩახუტება
ერთი მოფერება
ერთი შექება
ერთი ყვავილიც კი!

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page