top of page

Maka Kartheiser

22.01.2014
 

...ეს დღეები ცოტათი გამიჭირდა. წყლიდან ნაპირზე გამორიყულ თევზს ვგავარ - უმწეოდ რომ აფჩენს პირს და სულს ღაფავს უწყლოდ.
თუმცა, ვიცი, რომ მალე წყალს მომაწვდიან და გავცოცხლდები.
გაყუჩული ვარ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გავძლო უწყლო (უჰაერო) სივრცეში..
ვითვლი წამებს და ვლოცულობ.

ასე ვიყავი იმ დღეს.

ახლა, რაღაც საოცარი დილა გათენდა ჩემთან.

თვალისმომჭრელი სხივები ჯიუტად მიჭყიტინებენ. თითქოს მეძახიან - რა დროს ძილია? ნახე, რა მშვენიერი დილა გათენდაო...

სითბო მეღვრება სულში - უხვად იღვრება გარშემოც, ყველგან...
 

სხივთა წვიმაში ვიჭრები, პეშვით ვაგროვებ ამ დაღვრილ ოქროს და „მასთან“ ვაგზავნი.

უზარმაზარი მზის ბურთი აცხუნებს და თეთრ, ფუმფულა თოვლს თვალისდამაბრმაველად აბრწყინებს.

ეს სხივები ფანჯარაში გამომწვევად იჭრებიან და გარეთ მიხმობენ.

ვიცმევ თბილად, ვაღებ კარს და ვუერთდები ამ გადათეთრებული გარემოს სიმსუბუქეს.
იანვარია, ყინავს - თითქოს უნდა მციოდეს, მაგრამ არ მცივა.

მზე საოცრად მაძლიერებს: ახლა ის ჩემშია, ჩემი ძალაა.  

ბავშვობაში თოვლი ხომ ყველას გვიყვარდა? დიდობაში საქმეებს გვირთულებს და, ამიტომაც, გვეზარება მასზე ფიქრი, თუმცა, პრობლემებზე ფიქრი..
და თავად პრობლემები..
და სიცივის ასოციაცია, რომ ჩამოვაცილოთ, ეს უსპეტაკესუ თოვლი ისევ შეგვაყვარებს თავს...
ჰაერში კრიალა კრისტალებს ვგრძნობ და ეს სიკრიალე, თუ კი რამე დარდი ან დაღლა მაქვს, ყველაფერს მაცლის, ყველაფრიდან მწმენდს და მასუფთავებს.

 

ვკვალავ და ვტოვებ ნაკვალევს...

თითოეულ ნაბიჯში ჩემში დედამიწის სიძლიერეს შევიგრძნობ. სული კი მადლიერების გრძნობით სავსეა და ბედნიერი...
მივუყვები გზას.
ჩემი სამეზობლო ნაკლებად დასახლებულია. თოვლით დაფარული ხეებსა და დიდ მინდვრებს ვუცქერ.
მოშორებით გაყინულ ტბასაც ვხედავ...
შორი-შორს მდგარი დათოვლილი სახლები კიდევ უფრო ალამაზებენ და ავსებენ გარემოს - თითქოს ფერწერულს.
სრულიად მარტო ვარ - კაციშვილის ჭაჭანება არაა - მანქანა თუ გაივლის დროდადრო...
ზოგჯერ ირმებსაც გადაურბენიათ ეს ტყეში გაკვალული ქუჩა და მეორე მხარეს, ხეებში გაუჩინარებულან.

ეს სიმშვიდე და მარტოობა ძალიან მომწონს!
აქაურობის ბატონ-პატრონი ვარ! - გინდა იმღერე, გინდა იცინე....
ჰო, არა, ჯერ  არ მიცეკვია  მხოლოდ - რაც მართალი მართალია.

რომ არ შემცივდეს, ძლიერად ვადგამ ნაბიჯებს და მგონი ისე ძლიერადაც, რომ დედამიწის გულისცემას ვგრძნობ.
ადამიანები ამ წუთისოფლის სტუმრები ვართ, მართლაც. მაგრამ გვიჭირს ამ ხანმოკლეობის გაანალიზება და უმეტესად უკმაყოფილო წუწუნში ვატარებთ დღეებს...
ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ვიცინით, მაგრამ უმეტესად, სულ რაღაც არ გვაკმაყოფილებს...
სულ რაღაც უკეთესსა და მიუღწეველს შევნატრით.

თუ ღმერთმა დაგვაჯილდოვა და შეგნების უნარი მოგვცა, მაშინ, ერთდერთი რასაც ვეძებთ, ესაა სულიერი ბედნიერება.

მე ვიპოვნე ის, რისკენაც ასე მიილტვიან ადამიანები!

და უბედნიერესი ვარ!

მე სულის სიღრმე ვიგრძენი, სულის სიღრმეს ჩავწვდი და ახლა, ამ პლანეტის ზედაპირზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი ჩემთვის ბედნიერებაა.
ამ მზესაც, ასე უზარმაზარი რომაა, მე მთელი არსებით შევიგრძნობ;
ამ თოვლსაც ვეფოფინები.
ამ ჰაერის მოლეკულებს კი ვეხები, შევიგრძნობ - ღრმად შევისუნთქავ ბედნიერებად და ამოვისუნთქავ სიყვარულად!

მერე კი, ერთადერთი რამ, რაც ამ ამაღლებული განწყობის დროს მინდა, ღმერთთან საუბარია. 

და მე ვლოცულობ, ვესაუბრები ღმერთს, მადლობას ვუხდი იმ ბედნიერებისათვის, რასაც სიცოცხლე ჰქვია, მადლობას ვუხდი, რომ სულის ბედნიერება ასეთი სიცხადით მაგრძნობინა, გამამთლიანა.

და ყველაფერი დანარჩენი, რას გარშემოა, კიდევ უფრო ძვირფასი ხდება.
მერე ბევერლი სილზის სიტყვებიც ჩემად, თუ ჩემეულად ჟღერს:
„უცებ დავმშვიდდი: მივხვდი, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა – ყველას ვუყვარდი თუ არა.
მთავარი ის იყო, მე რომ მიყვარდა ყველა.
ეს გრძნობა ცხოვრებას მთლიანად ცვლის და შენც ბოლომდე სიხარულით იხარჯები“...

მერე....უბრალოდ გინდა, ყველამ შეიგრძნოს ეს გრძნობა შენს გარშემო და...

მეგობრებთან გაზიარებით კეთილდღეობა ძლიერდება და სირთულეები იოლდდებაო, ციცერონს უთქვამს.

ჰოდა, გიგზავნით...

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page