top of page

Maka Kartheiser

23.11.2013
 

სადღაც ამოვიკითხე - დაიმახსოვრე,  ჩვენ არაფერი გვეკუთვნის. რაც გარს გვარტყია, ეს ყველაფერი დროებითია, მხოლოდ სიყვარულია მუდმივიო.

ცხოვრება ერთდროულად უამრავ ფრონტზე გვაბრძოლებს .
გვგონია, ძლიერებიც ვართ და კარგადაც ვიგერიებთ ამ ბრძოლებს.
მერე, სადმე ჰორიზონტზე, სიყვარული გამოჩნდება და...
დამანგრეველი, დამასუსტებელია მისი ველი...
ერთ წამში აირევა სამყარო უ-იმ-ადამიანოდ.
ერთ წამში ყველაფერი დაკარგავს ფერს.
მისი ნახვით გამოწვეულ ბედნიერებას, შეუძლიაფრთა შეგასხას, უდიდესი სიკეთით აგავსოს.

ყველაფერს მიუძღვნი იმ ერთს, იმ ერთადერთს, ვინც შენი ღიმილია, სიხარულია, სინათლეა, სიკეთეა.
ეს ყველაფერი კი, ზოგჯერ, იმდენად დიდიც შეიძლება იყოს, გეშინია.
გეშინია ამ განცდის.
ზოგჯერ, კიდევაც გარბიხარ.
ილტვი, მაგრამ ამაოდ!
სადმე, როდესმე, თურმე მაინც გადაკვეთავენ ერთმანეთს გზები...
და მართლაც, არც ასაკი სცოდნია სიყვარულს - ასეთ სიყვარულს.

ადრე შეგპირდით, 96 წლის სალისა და 100 წლის ჯოელის  სიყვარულის ისტორიას მოგიყვებით-მეთქი. ისიც გითხარით, ამ ამბების მოსმენისას ემოციებს ვეღარ გავუძელი და ნახატების დათვალიერება  მოვიმიზეზე-მეთქი.  
ამ ორმა, თითქმის 100 წლის ცოლ-ქმარმა, სულ რაღაც 16 წლის წინ იქორწინა!
ახლა კი, ერთმანეთს ახალშეყვარებულებივით ეფერებოდნენ, თვალებში შესციცინებდნენ.
ყველანი საუზმისათვის გაწყობილ მაგიდას ვუსხედით.
სალი ძველ ამბებს იხსენებდა. ჯოელი, დროდადრო, თავის კოჟრიან ხელს მეუღლისაკენ გააცურებდა და ნაზად შეავლებდა.
რამდენი სიყვარული იყო ამ შეხებაში...
სიყვარულმა, რომელიც მათ აერთიანებდა, მთელი ოთახი მოიცვა.
იქაურობასაც ავსებდა და ჩემს გულსაც...
„თქვენი სიყვარულის შესახებ მიმიყევით... როგორ შეხვდით ერთმანეთს?“ - ვკითხე რიდით.
თხრობისას, სალის სახე უბრწყინავდა. ჯოელი კი, სახეზე შეყვარებულის ღიმილით თვალს არ აშორებდა მას. შიგადაშიგ, ჩემსკენაც გამოაპარებდა მზერას. მამოწმებდა, რადგან, გრძნობდა,  როგორ ვიცვლებოდი...

ახალგაზრდობაშივე შეხვედრიან  ერთმანეთს. ჯოელი სალის მეგობრის საქმრო ყოფილა მაშინ.  საუზმეზე მიიწვიეს სალი.  ჩაის მიირთმევდნენ. სალი რაღაცას ყვებოდა მთელი ეშხით, როცა მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.  

უზარმაზარი სიძლიერის ძალამ შეძრა ჰაერი, თითქოსო... სალისაც უძლიერესმა მუხტმა დაუარა სულსა და სხეულში.  ამ რაღაც, არაჩვეულებრივი ძალით შეშინებული, მექანიკურად წამომდგარა და წასვლა მოუმიზეზებია. მერე კი ელდანაკრავივით გაქცეულა გასასვლელისაკენ. მანქანასთან მისულმა მოიხედა და რას ხედავს; ჯოელი მისდევს... უნდა ხელი წაავლოს, შეაჩეროს და...

სალიმ მანქანა ადგილს მოსწყვიტა....

მას მერე 50 წელმა განვლო. ეს ორი, თავის საქმეში უაღრესად  წარმატებული, მიღწევებით დახუნძლული ადამიანი თავისი ცხოვრებით აგრძელებდა ცხოვრებას.  ჯოელმა 50 წელი ბედნიერად იცხოვრა მეუღლესთან ერთად. შვილები და შვილიშვილები ეხვია გარს... 

სალის არასდროს შეუქმნია ოჯახი. მერე....

ბედმა  სული სულთან ისევ დააკავშირა.  კვლავ შეახვედრა  ერთმანეთს, ახლა უკვე 80-84  წლისანი ჯოელის მეუღლე გარდაცვალების ცერემონიალზე.

იმავე წამს  ორივემ უსიტყვოდ ვიცოდით, ერთმანეთს ვეკუთვნოდითო...ორ კვირაში, როცა ჯოელმა საქორწინო ტორტისა და კაბის დიზაინზე დაიწყო საუბარი, მე უსიტყვოდ მივყევი საქმის მსვლელობასო... ბედნიერი სახით ჰყვებოდა სალი

ზოგჯერ შუაღამისას ეღვიძებათ თურმე, საუბარს იწყებენ და ისე იჭრებიან როლებში, თავზეც ბევრჯერ დაგვთენებიაო....

ვუყურებდი ამ ორ მოხუცს და გული ამოვარდნას ცდილობდა. თავში მილიონი უპასუხო კითხვები და ფიქრები ამეშალნენ. ჯოელმა ისე გამიღიმა, მივხვდი იცოდა, ამდენი საინტერესო ამბის მოსმენით უქვე ქანცგამოცლილს დასვენება მინდოდა. და სწორედ მაშინ მისივე ნახატების დათვალიერება მოვიმიზეზე

„და ჩვენ ხომ მსგავსი სიყვარულის არსებობა ვერასდროს წარმოგვედგინა?“

„თურმე, ისიც კი შესაძლებელი ყოფილა, 100 წლის ასაკშიც შეყვარებული იყოს წყვილი?!“

„ჩვენ ხომ, 20 წლისანიც „დავბერდი, დავბერდიო“ გავიძახდით, ქართველები?

და აქ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო:

2000 წელი იყო. ჩიკაგოში ვიყავი. მანანა, 50 წლის ქართველი პედაგოგი ჩამოვიდა წასამუშავებლად. მართალია მანანა ასაკთან შედარებით საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ქართული შეხედულებების, სტანდარტების და კომპლექსების გამო, ასაკი კატარსტროფად ეჩვენებოდა. ერთხელ, ჩვენს ამერიკელ მეგობარ, მისივე ასაკის მამაკაცთან საუბარში წაიწუწუნა:
„ეჰ, დავბერდი უკვე, გავიდა ცხოვრებაო“.
არ დამავიწყდება მარკის რეაქცია, რომელმაც ჩვენ ყველანი სახტად დაგვტოვა: 
„შენ თუ შენი თავი ბებერი გგონია, არ ვიცი, მაგრამ მე ნუ მაყენებ შეურაცხყოფას“....
ეს პასუხი მაშინ შოკი კი იყო, მაგრამ მერე ნელ-ნელა მივხვდით, როგორ სულ ასაკზე ვწუწუნებთ ქართველები, და სიბერეს ვაბრალებთ ჩვენს თავისმიუხედაობას, სიზარმაცის გამო ფორმების დაკარგვას, სიახლეებისაკენ სწრაფვის უქონლობის გამო არასაინტერესო ქალად გადაქცევას..

არადა, თურმე, ასაკს მართლაც არ ჰქონია მნიშვნელობა. არც გარეგნობისთვის, არც გუნება-განწყობისთვის და არც... სიყვარულისთვის

ეს, ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებსაც ეხება.. ყველა, და მითუმეტეს, ჩვენ ქალები, ხშირ შემთხვევაში თავად ვართ მიზეზი იმისა, თუ როგორ მიდის ურთიერთობა მამაკაცთან. ცხადია, როგორც წესი, ჯოხს მამაკაცებზე გადავტეხავთ - არიქა, ჩვენ ზედ არ გვიყურებენ, მალე გადავუყვარდებით და სხვებს გაეკიდებიანო (და ბევრ ქართულ სიტუაციაში, ალბათ, მამაკაცის სიუხეშის და უსაგნო სიამაყის ბრალიცაა), მაგრამ ისევ და ისევ ქალს ძალუძს სწორი მიმართულებით წაიყვანოს, ის კი არა და, „გააკეთილშობილოს“ კიდეც მამაკაციც. 

შიში იმისა, რომ დავკარგავთ მას, ქალებს გვაკარგინებს ჭკუას და გონებას, და შესაბამისად არასასურველ ქალადაც გვაქცევს....

სალისა და ჯოელის შემთხვევაში კი, აშკარად, ათასწლეულების წინ ორად გაყოფილი სულის ნაწილებმა ერთმანეთი იპოვეს. მართალია, შემდეგი 50 წელი ისეც ცალად იფარფატეს, მაგრამ ბოლოს მაინც მიიზიდეს ერთმანეთი.

გადანახული უგემრიელესი ბოლო ლუკმასავით,  ბოლოსდაბოლოს, გამთლიანდნენ, ერთ მთლიან სულად იქცნენ.
ვფიქრობ, ნამდვილი სიყვარული ის გრძნობაა, სულის ტკივილამდე რომ გრძნობ, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, განზეც გადგები, ოღონდ „ის“ იყოს კარგად... მიუხედავად შენი დიდი ტკივილისა, შენც ემოციებს უარყოფ
ესეც სადღაც ამოვიკითხე... მგონი

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page