top of page

Maka Kartheiser

24.10.2013
 

როცა მათ შესახებ ვკითხულობ ან ვისმენ, ვინც თავიანთი გაბედული ნაბიჯებით, ახლებური ხედვით, გამომგონებლური იდეებით, აზრით, ნიჭით და დაუღალავი მცდელობებით სამყარო შეცვალეს, ვხარობ. ხოლო თუ მსგავს პიროვნებასთან შეხვედრის შესაძლებლობას მომეცა, ჩემი სული ზეიმობს და აღფრთოვანებულია...
ყოფილა შემთხვევები - ერთხელ, ნობელის პრემიის ლაურეტთან ეკონომიკის დარგში, 100 წლის რონალდ კაუზთან ჩავიწერე ინტერვიუ.
შევხვედრივარ ადამიანს, ვინც სატელეფონი მომსახურების განუყოფელი ნაწილი - voice mail გამოიგონა; 
ღმერთს მადლობას ვუძღვნი, რომ ასეთ ადამიანებს მახვედრებს, მაცნობს, მამეგობრებს...
იმ დღესაც, ასე მოხდა - ახლოს გავიცანი უსაინტერესო ცოლ-ქმარი - გამორჩეულნი თვიანთი მიღწევებით, წარმატებებით, მდიდარი სულიერი სამყაროთი და სიყვარულის ისტორიითაც კი.
100 წელს მიტანებული ჯოელი და 96 წლის სალი საუზმეზე მელოდნენ. ხელცარიელი ხომ არ მივიდოდი და, ხაჭაპური გამოვაცხვე. 
ულამაზესი დილა იყო - შემოდგომის ფერები და სურნელი უკვე შერეოდა ჰაერს. ტბის პირას განლაგებულ, პატარა, კოხტა, თეთრ სახლს მივადექი. აქ ცხოვრობენ მხატვარი, ხელოვანი, თანამედროვე ფსიქიატრიისა და ფსიქოლგიის ერთ-ერთი ფუძემდდებელი - ჯოელ ელკე და მისი მეუღლე, ხელოვანი, პედაგოგი, ქველმოქმედი, ნიჭიერთა სკოლების დამფუძნებელი, უამრავი უნივერსიტეტის საპატიო წევრი, და ჩვენი ქალაქის აფროსნული კლუბის აღორძინებისა და შენარჩუნების პროექტის ლიდერი, სალი.
კარი ჯოელმა გამიღო და მისი გულითადი ღიმილმა ცხადად მაგრძნობინა მთელი მისი სითბო. აქაური ჩვეულებრისამებრ, უთბილესად გადავეხვიეთ ერთმანეთს. შემდეგ, ჯოელმა თავისი დაკოჟრილი, მაგრამ ახალგაზრდული ძალით სავსე ხელი მომკიდდა და სახლში შემიძღვა. თვალები ნათელ სახელოსნოს მოვავლე და იქაურობა ღრმად ჩავისუნთქე. მან კი ჩემი მზერა დაიჭირა და ღიმილით მითხრა:
- დაიწყე ხატვა.
გული ამოვარდნას ლამობდა. ვგრძნობდი, როგორ ზეიმობდა სული.
ჯოელი, ეს უშუალო და თავმდაბალი ადამიანი, სინამდვილეში უზარმაზარი პიროვნებაა. ეს მან ჩაიხედა ადამიანის ტვინში და სწორედ მან აღმოაჩინა, რომ ის ერთი მთლიანი მასა კი არა, პატარ-პატარა „განყოფილებებით“ სავსე ორგანოა. 
ინგლისში მცხოვრები ახალგაზრდა მეცნიერი ამერიკაში მოიწვიეს. ეს უნიჭიერესი პიროვნება, რომელმაც ყველაფერი კატის ტვინზე დაკვირვებით დაიწყო, ბრიტანეთის რიგითი ლაბორატორიის ნაცვლად, ამერიკის უზარმაზარი საავადმყოფოს ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კვლევით ცენტრში აღმოჩნდა და, თითქოს მომენტალურად, მორიგი „შერეკილიდან“, გენიოსად იქცა.
ეს ორი უზარმაზარი  ადამიანი ისეთი უშუალობით, უბრალოებით, თავმდაბლობითა და მეგობრულად მექცეოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი მეგონა თავი.
შედარება გულსატკენია - ჩვენ ქართველებს სულ მცირე წარმატების მსგავსიც კი თავში აგვივარდება ხოლმე და გვაკარგინებს გეზს, მეგობარს, თავს, დაწყებულ საქმეს....
“რატომ არ გვაქვს ეს... წარმატებისაკენ სწრაფვა, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის ჟინი, თანადგომა, ერთგულება?“ - ვფიქრობდი სევდით.
ბოლოს, როდესაც სალიმ მათი სიყვარულის ისტორიის მოყოლა დაიწყო, ემოციებს ვეღარ გავუძელი და ნახატების დათვალიერების სურვილი მოვიმიზეზე.
120 წლის სახლი დახუნძლული იყო ისტორიით, წინაპართა სურათებით, ფერწერული ტილოებით, ანტიკვარული ჭურჭლით. ყოველი კუნჭული სავსე იყო, მაგრამ მოწესრიგებულად სავსე. მოგიზგიზე ბუხარი და როიალზე გადაშლილი ნოტები...
სიყვარულით, ნიჭით, სულიერებით სავსე ჰაერი...
ჯადოსნურ სამყაროში მეგონა თავი.
მას მერე, დღენახევარი ემოციებს ვხედნიდი. ბოლოს არც ვაციე, არც ვაცხელე და წყლის საღებავები, ფუნჯი და სახატავი ქაღალდი შევიძინე - ხატვა უნდა დავიწყო...  

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page