top of page

Maka Kartheiser

27.09.2013
 

არა, დილით უდარდელი ძილი აშკარად არ მიწერია! დიდად არც მიყვარს, მაგრამ ხანდახან, ბოლოს და ბოლოს, 8 საათამდე მაინც დაიძინებდა ადამიანი...
ტვინი, ჩვულებრივ, 6 საათზე იღვიძებს და მეც ვერთვები ფიქრების ფერხულში - იქ დავრეკო, ის გავაკეთო, იქ წავიდე, იმას მივხედო, დავწერო, წავიკითხო...
ჰოდა, აბა რაღა აზრი აქვს საწოლში ყოფნას?!

ქორწილში მივდივართ. შენონის (ჩემი 23 წლის გერი) მეგობარი, სტეფანი იწერს ჯვარს. ამიერიდან, ის და მისი მეუღლე ერთნი იქნებიან – სულით და ხორცით, აზრით და არსით.
ჩემი ამერიკულ ქორწილებში ყოფნის გამოცდილებებიდან გამომდინარე, ასეთ დასკვნას ვაკეთებ: ეს წყვილები მართლაც ერთმანეთს ეკუთვნიან, თითქოს ერთმანეთის ნაწილნი არიან და ავსებენ ერთმანეთს. 

They belong to each other!

ისე, ყველგან ასეა... და არა მხოლოდ ამერიკაში. ყველგან – სადაც ნამდვილი სიყვარულია და კიდევ გამოცდილება – ერთად ყოფნის, თანაცხოვრების გამოცდილება.
გული მწყდება.
ის დრო მახსენდება, ნაომარი თბილისის ბნელი და ცივი ქუჩები სიცარიელესა და სიმარტოვეს რომ მოეცვა... და გათხოვება ერთადერთი ნათელი წერტილი რომ იყო.
სხვისი არ ვიცი და, ჩემს გარშემო უმეტესობას (ჩემი თამადობით) ბოლომდე გაცნობიერებული არც კი ჰქონდა, რომ წარმატებული ოჯახის ერთ–ერთი მთავარი პირობა იმ ადამიანთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა იყო, ვისაც ბედს უკავშირებდი...
ვინაიდან, პირველი ეიფორიების გადავლის შემდეგ, რაღაც კიდევ, ვთქვათ საერთო მუხტიც, უნდა დარჩენილიყო წყვილს შორის...
ან, იქნებ, კიდევაც გვქონდა გაცნობიერებული, მაგრამ იმ პერიოდის სირთულემ ყველაფერს თავისი კვალი დაამჩნია და, მათ შორის, ამასაც.
ამ ფიქრებით გამოვფხიზლდი და  ქორწილისთვის მზადება დავიწყე.
„ჰმ, კაბა უნდა ვიყიდო!“ – გამიელვა.
მაღაზიები და „შოპინგი“ ჩემი სტიქია არაა და მხოლოდ აუცილებლობის გამო დავდივარ. ჰოდა, გავუყევი გზას...
„ასპარეზად“ Macy’s ავირჩიე – იქ ყველაფერია – ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით დაწყებული, სამკაულებითა და საოჯახო ნივთებით დამთავრებული.
ამ ტიპის მაღაზიაში საკმაო ხანია არ ვყოფილვარ და, თითქოს, დროში (ან, სადმე სხვაგან) დავიკარგე.
საკმაულებმა, როგორც ყოველთვის, მზერა მომტაცეს და მეც ბევრი ვიბორიალე მათ გარშემო. ჯადოსნური სამყარო იყო – სარკეები ყველა რაკურსით მირეკლავდნენ. მოვირგე საყურე, ყელსაბამი...
„უჰ, რა დროს ესაა, კაბა უნდა ვიყიდო!“ -  გამახსენდა უცებ და მეორე სართულზე, ქალთა ტანსაცმლის განყოფილებაში ავედი.
ბოლო–ბოლო, რამდენიმე შევარჩიე და გასასინჯ ოთახში ჩავიკეტე.
მომეჩვენა, რომ კაბა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა, ცოტა პატარა იყო. გამოვედი და აზრი იქვე მოფუსფუსე, გემოვნებით ჩაცმულ დამხმარეს ვკითხე. იგი დაახლოებით ჩემი ხნის გახლდათ. ლაღად გამიღიმა და ჩემი მოწონებული ნივთი უმალ კომპიუტერტან მიიტანა, რათა ენახა – აქვთ თუ არა ის ზომა, რომელიც მაინტერესებდა.
იქვე, არჩევანი მომიწონა. თქვა, რომ თავადაც ძალიან მოსწონს.
შემომთავაზა, რომ ჩამემცვა და მხოლოდ ამის შემდეგ მეტყოდა, თუ რამდენად მიხდება, მისი აზრით, ეს კაბა.
მოკლედ, პოტენციურ მყიდველსა და მაღაზიის წარმომადგენელს შორის თბილი, მეგობრული ურთიერთობის დამყარებას შეუდგა. და მეც, უკვე დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით შევბრუნდი გასასინჯ ოთახში.
გამოსვლისას, მის ალალ აღფრთოვანებას შევხვდი:
– ძალიან გიხდება, და ზუსტაად შენი ზომაა. – გამომიცხადა საზეიმოდ.
ამან არჩევნის სისწორეში დამარწმუნა.
და კიდევ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე, როგორც კლიენტი, პოტენციურად მზად ვიყავი მისი ყველა რჩევა მიმეღო, ან მისი შემოთავაზებული სხვა არა ერთი რამ შემეძინა.
ეს ისე, როგორც იტყვიან, იდეაში. თორემ ჩემს ძირითად გეგმას და ხარჯის წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებს, როგორც წესი, ვინარჩუნებ ხოლმე და არც ამ დღეს გადამიცილებია.
სახლისკენ მიმავალს ერთი თბილისური story გამახსენდა, რომელიც ამ ზაფხულს „გადამხდა“.
შაბათის დილა იყო, დაახლოებით 10 საათი.
რაღაც პროდუქტი მინდოდა, მაგრამ ახლო–მახლო ვერ ვიყიდე – შაბათია და ჯერ სძინავთო, ასე ამიხსნეს.
„ნუ კაი, ტელეფონს მაინც გადავიხდი“ – გავიფიქრე ჩემთვის და იქვე, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შევედი.
– სააბონენტოს წინასწარ გადახდა შესაძლებელია? – ვკითხე ოპერატორს.
– ეგ სილქნეტს ჰკითეთ... მე რას მეკითებით? – მომახალა მკვახედ.
ვცადე თავაზიანად ამეხსნა, რომ კლიენტს, შესაძლოა, არაადექვატური კითხვა ჰქონდეს, მაგრამ მისი, როგორც ბანკის თანამშრომელის ვალია იყოს თავაზიანი, ღიმილიანი...
– თქვენ ახლა ჩემს აღზრდას ცდილობთ? ეს აბსოლუტურად ზედმეტია! – მიპასუხა თინათინმა.
მენეჯერი მოვითხოვე.
ყურადღებით მისმინა, თუმცა სახეზე ვატყობდი, რომ მის თვალში მე „კლიაუზნიკი“ ვიყავი და ერთი სული ჰქონდა, როდის მოვრჩებოდი ჩივილს.
– თქვენს ადგილას, მე მოვიწვევდი კრებას, განვიხილავდი უხეშობის ამ ფაქტს და ჩემს თანამშრომელს კლიენტებისადმი მეტ თავაზიანობას კატეგორიულად მოვთხოვდი... თუმცა, ვიცი, ახლა მე წავალ, ხოლო თქვენ არავითარ კრებას არ გამართავთ და ყველაფერი ისე დარჩება, როგორცაა. – ამ სიტყვებით დავტოვე ბანკი.
სამწუხაროდ, სანამ თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება ასეთი ხეპრული იქნება, წინ ვერ წავალთ. აქედან გამომდინარე, პასუხი კითხვაზე, რომელიც აგერ უკვე 23 წელია ისმის – „გვეშველება რამე“ – არის უარყოფითი.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page