top of page

Maka Kartheiser

27.09.2014

 

საქართველოში ახალი ჩამოსული ვარ. ეს ყოველთვის განსაკუთრებული განცდაა, მაგრამ ამჟამად დედის გარდაცვალების გამო მომიწია ოკეანის გადმოლახვა და ამაღლებულ განწყობაზე ვერ ვარ.
ძალიან მძიმე დღეები იყო - ახლა ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან - მეგობებიც მეხმარებიან
ალექსმა და ნინომ გამომიარეს - ორთაჭალაში, დედათა მონასტერში მივდივართ.  ქალაქი ისევ ზაფხულის ბუღში იხვითქება. მანქანის მინა ღიაა და ცხელი, თუმცა გამონაბოლქვის მომწამვლელ კვამლში გახვეული ჰაერი მაინც მშობლიურად მეალერსება და მსიამოვნებს.
დედათა მონასტერი ორთაჭალაშია.  ამ  ადგილის შესახებ ალექსმა იცის  და მეც მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის.
გმირთა მოედნზე ლამის თავბრუ დაეხვეთ მანქანებს. ეს ცამდე აღმართული „მახინაც“, მართლაც არქიტექტურული თუ გემოვნების შეცდომა...
ბავშვობაში ასანთის ღერებით საქათმეს ვაშენებდით.... იმას მაგონებს.
როგორც იქნა, გავცდით აქაურობას. სანაპიროზე, მეტეხი და გორგასალი ძველი თბილისის ეშხით გვეგებება და მეც, მოძრავი მანქანიდან ერთი სურათის გადაღებას ვასწრებ.
გზაზე ალექსი სურსათის მაღაზიაში უჩინარდება და დატვირთული გამოდის:  როცა მონასტერში ავდივარ, მცირე სანოვაგე ამაქვსო, განგვიმარტა.
ე. წ. კრწანისის რეზიდენციისკენ მიმავალ აღმართს ავუყევით.

რამხელა ტერიტორია ჰქონიათ „დაპყრობილი“ კომუნისტებს?!
ახლა, ამ ჟანგმოდებული ღობიდან ჭუჭყისფერად მწვანე, სიცხისაგან გადამხმარი ბუნება მოჩანს. ჩვენ გზას მარჯვნივ ვაგრძელებთ და მე მიკვირს, როგორ არ ვყირავდებით ამ ორმოებად ქცეულ გზაზე.
როგორც ირკვევა, მონასტერში ვერ შევალთ. ალეკო ტოვებს სანოვაგეს და დედაოს ეკლესიის გაღებას სთხოვს.

იქ ისეთი სიმშვიდეა - წამში მავიწყებს თბილისის ხვათს და  სხვა სამყაროში მასახლებს. ახლა, როგროც არასდროს, ისე მსიამოვნებს ეს მშობლიური სიმშვიდე.

აგურის ეკლესია კოხტად ნაგებია. პატარა ვიტრინაში გამოფენილი წითელი ფაჩუჩი ჩემს ინტერესს იწვევს. იქვე ჩამომჯდარ დედაოსგან ვიგებ, რომ ის  სპირიდონ ტრიმიფუნტელისაა. სასწაულმოქმედი წმინდანი  ქ. ტრიმიფუნტში,  კუნძულ კვიპროსზე დაახლოებით 270 წელს დაბადებულა. მწყემსად იზრდებოდა. მონასტრული ცხოვრების არჩევის შემდეგ, მთელი ქონება გაჭირვებულთათვის დაურიგებია  თურმე, რისთვისაც  უფალმა სასწაულმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა.

წმინდა სპირიდონს სურვილებს ჩავუთქვამთ და იქვე ჩამოკიდებულ ტომარაში ვუშვებთ მათი ასრულების რწმენით.

გარეთ ისევ ცხელი ჰაერი გვეგებება. თბილისის ხედი კი ისევ ავტომანქანების გამონაბოლქვ კვამლშია გახვეული და ლამის ბუნდოვნად მოჩანს. თბილისელთა უკვე შეგუებული ფილტვები ამ დაბინძურებული ჰაერის დამღუვველობას ვეღარ ამჩნევენ თითქოს, მე კი ცხვირზე ხელს ვიჭერ და ასე დაგუბებული ხმით გაოცებული ვკითხულობ:

„ალექს, რა სჭირს ამ ტყეს? რა გადამხმარია ყველაფერი?“

როგორც გაირკვა,  ალექსი ამ პრობლემით კაი ხნის წინ შეშფოთბულა, მიუმართავს სხვადასხვა ინსტანციებისთვის, მაგრამ როგორც ბევრი რამ საქართველოში, ესეც უკუგდებული და უგულვებელყოფილი მიუტოვებიათ მათ, ვისაც ხელეწიფებოდა მისი მოგვარება,  საქმისადმი სიყვარული რომ ამოძრავებდეთ

მოგვიანებით, როგორც ინტერნეტ სივრცეში აღმოვაჩინე, რამდენიმე სტატიაც კი დაწერილა ხეების ხმობაზე თბილისსა და მის შემოგარენში 2-3- წლის წინ....

კვლავ, ხომ არ გაგვეხსენებინა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა და ისევ შევხმიანებოდით სათანადო ინსტანციებს პრობლემის მოსაგვარებლად და ზომების მისაღებად?

მჯერა და მწამს, რომ ამჟამად ისინი ნამდვილად გულიანად მოეკიდებიან  ხეების, ამ ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლეს, რომლებიც ჩვენ ადამიანებს თავიანთ სიკეთეს გვინაწილებენ და ჟანგბადით გვამარაგებენ

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page