top of page

Maka Kartheiser

31.12.2013
 

გარეთ თეთრი დეკემბერია...
ულამაზესი თოვლით დაფარულა არე-მარე - ეზოები, ნაძვები, სახლები...
ჩემს ეზოში ეს სითეთრე სულაც ხელუხლებელი და შეულახავია და მეც ვხარობ. მზე თუ ანათებს, ხომ საერთოდ - საოცრებაა ეს ქათქათა თოვლი - მზის სათვალის გარეშე ვერც კი გახვალ გარეთ, რადგან ყველაფერი თვალებს გჭრის და ვერაფერს ხედავ....

ოთახში ბუხარი ღუღუნებს. ვუზივარ და ვყურებ, როგორ ეთმაშებიან ცეცხლის ენები ერთმანეთს . რაღაც წამოტივტივდა გონებაში, ადრინდელი:
„ულამაზეს თეთრ ზღაპარს დამსგავსებია გარემო.
ზამთრისგან გაყინული და ფოთლებგაძარცვული ხეები თოვლმა გაათბო.
ბარდნის...
ფანტელები ცეკვავენ თითქოს. ხანდახან, ქარი კი წამოუბერავს - რა დროს ცეკვაა, თეთრად დაფარეთ დედამიწაო, მაგრამ ფანტელები მაინც ცეკვავენ...
შენ კი ზიხარ....
წყლად გადაქცეული თოვლი წვეთებად რომ ჩამოეღვრება, ის სარკმელია შენი ეკრანი.
იყურები ამ სითეთრეში და უცებ, ფიქრებიც ფიფქებივით იწყებენ ბარდნა....
გინდა - ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდეს...
გინდა - ირგვლივ იყოს სიწყნარე...
ისხდეთ ორნი.
ცეცხლის ტკაცა-ტკუცს გესმოდეთ მხოლოდ...
ძარღვიანი და ძლიერი მტევანი სუსტ და ნაზ ხელებს გითბობდეს - გინდა!
მერე...
ცეცხლის ენები ათასგვარ სურათებს ხატავენ.
ეს სურათებიც სითბოს ასხივებენ ამ ცეცხლის მსგავსად...
თავად ცეცხლი კი, ბედნიერების სურნელით თავბრუდახვეულია“

 

ირგვლივ საშობაო მუსიკა იღვრება და ახლა ეს სიტყვებიც თბილად მეღვრება სულში...

რა უცხოა - არსად გავრბივარ და არც მივზოზინებ....

დროის მსვლელობის ტემპი მაქვს მხედველობაში.
 ჩვენ, ადამიანებს, სულ რაღაც პრეტენზიები გაგვაჩნია დროსთან:
„უჰ, როგორ გარბის!“
„რა, კუსავით ნელა მიდიან დღეები!“
ვერ მოგვიძებნია შუალედი.
ცხადია, მეც არაერთხელ მიწუწუნია. მაგრამ, ბოლო-ბოლო, თუ არ ჩავუფიქრდით და არ გამოვედით წრიდან, არაფერი არ შეიცვლება. ჰოდა, მეც ამდენი გამოცდილებების, წიგნების, ფიქრის თუ ტვინის ჭყლეტვის შემდეგ, მივხვდი - გამუდმებული წუწუნი ცხოვრების ფუჭად გატარებაა - დროის ფლანგვა.  


ესეც უცხოა - მგონი პირველად, ვზივარ და ვგრძნობ, რომ პრეტენზია არ გამაჩნია დროსთან.

თავს თუ უბედურად გრძნობ, ესე იგი წარსულით ცხოვრობ;  თუ მოუთმენელი და მუდამ დაძაბული ხარ, მომავალში იყურები და მისით ცხოვრობ; და თუ სიმშვიდე სუფევს შენში,  დღევანდელობაში ხარო, ამბობდა ლაო ძი.
ჰოდა, ახლა მე  მშვიდად მივუყვები ცხოვრების გზას:  ვფიქრობ, ვწერ, მიყვარს, მიხარია, ვტირი, ვდარდობ,  ვზრუნავ...

ზოგჯერ ეს ზრუნვა მეტისმეტი გამომიდის.  ჩემი ბიჭებიც უკვე  დიდები არიან.  მამაკაცებს ქალის (დედის) ზრუნვა ცხადია სჭირდებათ, აფასებენ კიდეც... და ჩვენითაც არიან ძლიერნი, მაგრამ ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს ეს ყველაფერი. ერთი მისხალით მეტი  და....„რჩევები პაჩკად“  უფასურდება.

მეც ვარ ასე - მისხალი აქეთ, მისხალი - იქით.
ვამეტებ ხოლმე!
მერე  ვაანალიზებ და ვცდილობ იგივე აღარ გავიმეორო.
ხანდახან ვიმეორებ კიდეც...
ცხადია, შეგნებულად არა, ბუნებრივად ხდება ხოლმე.
გამოკვლევამაც დააადასტურა: მამაკაცისა და ქალის ტვინში ინფორმაციები სხვადასხვანაირად გადაეცემა.
ესეც თავისას შვრება, ალბათ...
თუმცა, ვიცი, ამ გამოკვლევებით რომ თავი ვიმართლო,  წინ ვერ წავალ.
ამიტომ, ისევ ვიკრებ ძალებს და ვიმარჯვებ სტერეოტიპებზე, მეცნიერულ კვლევებზე  და სისუსტეებზე, რომლებიც თავისმხრივ, თავისის გატანას ცდილობენ.  

საშობაო მუსიკა ისევ ნოტებად ფანტვას განწყობას...
ნაძვის ხე დახუნძლულია ორნამენტებით, ანუ სათამაშოებით, როგორც ბავშვობაში ვეძახდით ხოლმე საქართველოში.
თუ ახლაც ასე ეძახით?
აღარ ვიცი.
სულ რამდენიმე საათიც და ახალი, 2014 წელი გვესტუმრება...
ლურჯა  ცხენით მოაჭენებსო.
სადღაც ვკითხულობ:

„აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2014 წელი ლურჯი ხის ცხენის წელიწადია.

ცხენი-ენერგიული, კომუნიკაბელური და ოპტიმისტია. უყვარს მეგობრების წრეში ყოფნა. გარდა ამისა, იგი არის უმართავი, თავნება და ეგოისტი.

საკმაოდ არასტაბილურია, შეუძლია ადვილად შეიცვალოს პროფესია და სამუშაო ადგილი. უყვარს მოგზაურობა. საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია და ფულის შოვნა ყოველგვარი სირთულის გარეშე შეუძლია.

ეს წელიწადი გვპირდება დინამიურობას.

ფერებია - ლურჯი (ცისფერი) და მწვანე.
 

ცხენის ჩინური სახელია - მა (Ma)

 

მა?...
ეს ხომ, მე მქვია?
მე ვარ!
უცნაური დამთხვევაა, ისევ.

 

ბოლო წლებია, ერთი კარგი ტრადიცია გვაქვს ოჯახში. ოჯახის წევრები შემოვუსხდებით საახალწლო სუფრას და განვიხილავთ ძველ წელს, თავისი მნიშვნელოვანი მომენტებით, მიღწევებით, წარმატებებით. ან თუ რაიმე ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. ჩამოწერილი გვაქვს ახალი მიზნები, სურვილები, ოცნებები...
დადებითი, ძლიერი ენერგიით სავსე ტომის გამოცდილებაც წინ!
2011 წლის ბოლოს, როდესაც საახალწლო „რეზოლუციაზე“ ვმსჯელობდით, ჩემი დიდი განსახორციელებელი ოცნება, სურვილი, მიზანი ჩემი "ბილიკების“ წიგნად ქცევა იყო. უაღრესად მადლობელი ვარ ღმერთის და ყველა იმ ადამიანის, ვისი დახმარებითაც ეს, ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მიზანი, განვახორციელე.
2012 წლის მიწურულს დასახულმაც მიზანს მიაღწია..

ახლა 2013 წლის მიწურულია. დაუფიქრებლადაც ვიცი, ერთი უზარმაზარი სურვილი მაქვს და ამ სურვილში, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ყველანი იგულისხმებით.

 

ამ ძველი წლის მიწურულს, გისურვებთ წარმავალი წლისთვის გაგეყოლებინოთ თუ რამ სევდა და დარდი, უარყოფითი, უიმედო თუ წარუმატებელი მცდელობა გქონიათ..

ახლა, ლამაზ ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, მიზნები.
იოცნებეთ...თქვენია!
არავინ გეცილებათ, არც არავინ გაგამტყუნებთ, არც არავის უნდა ჩააბაროთ ანგარიში. მხოლოდ საკუთარ თავს.

მერე ეცადეთ, ძალიან ეცადეთ, დაიჯეროთ, რომ ეს ყველაფერი აგიხდებათ, რომ მიზნებს მიაღწევთ, სურვილებს აიხდენთ.

ოღონდ ეს ფურცელი უჯრებში არ ჩაკეტოთ, ერთ დროს აღებული დიპლომებივით - ქმედება,  „ექშენი“,  ნაბიჯებია საჭირო.
მე კი, ჩემი მხრიდან, გისურვებთ, ყველა იმ სურვილის და მიზნის განხორციელებას, რასაც მაგ ლამაზ ფურცელზე ჩამოწერთ!

ბედნიერი ყოფილიყოს ახალი 2014 წელი ყველა ჩვენგანისათვის!

ჩვენი საქართველოსთვის კი ეს ყოფილიყოს გაერთიანების წელი!  

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page