top of page

Maka Kartheiser

04.02.2014
 

დიდი ხნის წინ, ასე 23 წლის რომ ვიქნებოდი, საახლობლო წრეში ერთ, დაახლობით ჩემივე ასაკის გოგონას ჰკითხეს, თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმეო..
- არაფერს. სრულიად არაფერს. ვზივარ,  სიგარეტს ვეწევი და არაფერზე ვფიქრობ - იყო მისი პასუხი.
ელდა მეცა! - “როგორ შეუძლია  იჯდეს და არაფერზე  იფიქროს მთელი დღის განმავლობაში?“
ჰმ... ამდენი წლის მერე, დაღლილს მილიონი ფიქრით, რამდენჯერ მინატრია: ნეტა, ვიჯდე და არაფერზე ვფიქრობდემეთქი...
ზოგჯერ, როცა რამე პრობლემაა, ვფიქრობთ გაუთავებლად, ვდარდობთ, ვიჭყლეტთ ტვინს...
არადა, ფიქრით მაინც ვერაფერს ვშველით.
ჩახვეული მაგნიტოფონის (აწ უკვე გადაშენებულის) ფირივით უარესად ვიხვევით, ვიბურდებით. იმ ფირის გასწორება, მხოლოდ გაწყვეტით და აბურდულის მოცილებითა და გადაწებებით იყო შესაძლებელი..
მაგრამ ის ამოჭრილი ნაწილი იკარგებოდა. ზოგჯერ ხომ როგორ დაგვნანებია იმ ნაწილის გადაგდება - იქნებ იქ ჩვენი საყვარელი სიმღერა იყო...
არ მინდა ამა თუ იმ მდგომარეობიდან გამოსავალი საყვარელი სიმღერის ამოჭრა იყოს . იმ მაგნიტოფონების ხანიდან აღარ გამოვედით?
მას მერე  ხომ, რა ტექნოლოგიური მწვერვალები აღარ იქნა დაპყრობილი..
ახლა ხომ აღრაა საჭირო ამოჭრა, გადააგდო და... დაკარგო - იქნებ და, რაღაც ყველაზე სათუთი და ღირებული ნაწილი შენი ცხოვრებისა.
რა სასტიკი იყო იმ დროს, მაგნიტოფონების ეპოქაში ყველაფერი ჩვენში...
ბავშვები ვიყავით მაშინ, კბილი აგვტკივდებოდა და ყველაზე პრესტიჟული ექიმიც კი მაშინვე ამიგვიღებდა ამ კბილს! 
მორჩა! დამთავრდა! იმ ადგილას სიცარიელე დაგვიტოვეს, მერე ამ სიცარიელეს ყალბი კბილებით კი ვივსებდით, მაგრამ ის, რაც შენ გეკუთვნის, რაც შენი ნაწილია, მაინც სულ სხვაა, სხვაგვარად გიყვარს, და მისი მოგლეჯვას სასტიკად გტკივა.
ისევე, როგორც საყვარელ სიმღერას აღარ ვკარგავთ, იმიტომ რომ ფიქრები რომლებიც იხვეოდნენ აღარ არსებობენ, არც კბილებს უღებენ ექიმები ისე უგულოდ არა თუ ბავშვებს, არამედ დიდებსაც...
მკურნალობენ - სულ უმცირესი შანსიც თუა მათი გადარჩენის, მკურნალობენ, გვინარჩუნებენ, იმიტომ რომ ამოღება, კბილის მოკვლა - დასასრულია.
დასასრულის მერე კი, აღარაფერი რჩება - მხოლოდ ცარიელი ადგილი, რომელიც მაინც მუდამ გვეტკინება.
ისევ  ჩახვევას იწყებენ  ფიქრები, დასუსტებას მიპირებენ - მუდმივი ჭიდილია.
...ზოგჯერ მართლაც არაფერზე ფიქრია.
მინდა,  სწორედაც რომ,  ამ არაფერში შევიჭრა - სიცარიელეში, სივრცეში,  სისუფთავეში - ესაა სტადია, სადაც ყოველგვარი განსჯა და მსჯელობა დაკარგულია, ეს ადგილი ახალი დასაწყისი, ახალ ნიადაგია, სადაც ჩამოვიშორებ მოწებებული,  ჩაკირული აზროვნების ელემენტებს.
ვლოცულობ, ვუხმობ შინაგან ძალებს და ვცვლი ფიქრების მიმართულებას.
ნაცვლად იმისა, თუ რა არ მაქვს, ან რაიმე მიუღწეველ ოცნებად მიმაჩნია, ვფიქრობ იმაზე, რითიც დამაჯილდოვა განგებამ და მადლობას ვუძღვნი სამყაროსა და უფალს.  
ახლაც ვხუჭავ თვალებს - ამბავი მახსენდება.
12 წლის წინ, ჩიკაგოს გიჟური ტემპებისგან დასტრესილი საავადმყოფოში აღმოვჩნდი და ექიმს ,ვუთხარი, ღამე ძილშიც მანქანით დავდივარმეთქი...
- გძინავთ და მანქანას ატარებთ? - გადაირია  ექიმი და  ლამის ფსიქიატრს დაუძახა, საქმე ვერაა კარგადო.
ახლაც მეცინება.
სინამდვილეში, ღამე თვალებს რომ დავხუჭავდი, ისევ გაქანებული მანქანები მელანდებოდნენ. ორომტრიალიდან ვერ გამომყავდა ჩემი დაღლილი გონება.
გადავუხვიე....
ჰოდა,  ახლა ისევ ვხუჭავ თვალებს, ფიქრებით გავცდები ჩემს სახლს და გარეთ გავალ, ისევ გავშლი ფიქრებს და გავცდები  ჩემს ქალაქს, გავცდები ჩიკაგოს...
და გავცდები ამერიკას, გავცდები პლანეტას, მთვარეს, და მივაღწევ სინათლეს, საწყისს - სიმშვიდეს, სულის სიმშვიდეს.
ვიშორებ ყოველივე უარყოფითს, ისინი ხომ გაუთავებლად ცდილობენ დამასუსტონ, გაიმარჯვონ ჩემზე და მერე იზეიმონ ჩემი მარცხი. 
მე პროტესტს ვუცხადებ უიმედობას - უიმედობა ღმერთისკენ გზაზე მეღობება.
ამ სიმშვიდეში ვიხსენებ მხოლოდ იმ ყველაფერს, რისი და ვისი არსებობაც მე მაბედნიერებს და მადლობას ვუძღვნი სამყაროსა და მაღალ ღმერთს ამ ყველაფრისთვის.
მადლობელი ვარ, რომ მომცა შესაძლებლობა ვაკეთო ის, რაც ბედნიერს მხდის... მადლობელი ვარ!
მადლობელი ვარ!
გმადლობ უფალო  უთეთრეს დღისთვის,
ჭრაჭუნა თოვლის,  ულურჯეს ცისთვის,
ამ სიყვარულის უსაზღვროების,
სულში მზისა და აღმაფრენისთვის,
ყოველი ფოთლის, ყველა ღიმილის,
სუნთქვის და ცრემლის დაფასებისთვის,
ნიჭი მომმადლე - გმადლობ უფალო
სიყვარულისთვის, სიყვარულისთვის!
აი, ჩემი მადლობა - ეს მთლიანობის განცდაა.
ღმერთს ვთხოვ... მსურს, მაწუხებს, მტკივა... ვთხოვ მიჩვენოს გზა.
მადლიერების გრძნობა ღმერთს სიამოვნებს და ყველა თხოვნას შეისმენს, ვიცი.
არ ვიცი, თუ საიდან და როგორ, მაგრამ ვიცი - გზას გამომიჩენს.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page