top of page

Maka Kartheiser

28.09.2013
 

ქორწილში ძალიან ვისიამოვნეთ.
თუმცა, დანიშნულების ადგილამდე მისვლა მთელი თავგადასავალი იყო - ჯერ ყანებზე დაუსრულებლად გადაჭიმულ ერთადერთ გზაზე დავიკარგეთ, ხოლო ბოლოს კი, აღმოჩნდა, რომ ვაგვიანებდით და მანქანაში მომიწია საქორწინოდ გამოპრანჭვა.
ამ ბოლო 5 წლის მანძილზე, ეს ჩემი ცხოვრების სტილად იქცა. დღეში იმდენი რამ ხდება... თავისუფალი წუთი აღარ მრჩება, რომ, მაგალითად, სახლში სარკის წინ წყნარად მოვწესრიგდე.
თავიდან, ასეთი სწრაფი ტემპის გამო პროტესტს გამოვთქვამდი, მაგრამ მერე მივხვდი - ცხოვრების რიტმს ფეხს თუ არ ავუწყობდი, ბევრ რამეს მოვაკლდებოდი.
წამიერად ვიცვალე ფორმა, განწყობა, გამომეტყველება და მალე დანიშნულების ადგილსაც მივაგენით.
იქაურობის სილამაზემ აღმაფრთოვანა - ყვავილნარი თითქოს გიზგიზებდა. ჯვრისწერის ცერემონიალიც, სწორედ ამ სიმწვანისა და სიმშვენიერის ფონზე გაიმართა.
კრემისფერ კოსტიუმებში გამოწყობილი სიძე და მისი მეჯვარეები...
ვარდისფერ კაბებში გამოპრანჭული პატარძლის ხელისმომკიდეები...
პატარძლის ჰაეროვანი თეთრი კაბა...
ქათქათა, უზადოდ ჩამწკრივებული სკამები...
150 გამოწკეპილი სტუმრისათვის უკვე საკმარისი სანახაობა იყო.
იმ საღამოს ბევრიც ვიცეკვეთ და ბევრიც ვიცინეთ.
დღეს კი...
ფიზკულტურის მასწავლებელი შევცვალე სკოლაში.
"ჰმ, სანტერესო დღე უნდა მქონდეს?!" -  ამ ფიქრით გამოვეწყვე სპორტულ სამოსში.
- ბიჭებო, გაიღვიძეთ! არ დაგაგვიანდეთ!“-  შევძახე ჩემს ოთხეულს და პირველ სართულზე, სამზარეულოში დავეშვი.
დღეს უამრავი საქმე მქონდა, რადგან ხვალ სან ფრანცისკოში მივფრინავ და ყველაფრისთვის უნდა დამედგა თავი.
ჰოდა, ბიჭებისთვისათვის დილის "ტრადიციული" სენდვიჩები გადაიდო - "ექსტრათი" დავაკმაყოფილე.
ამ დროს, სამზარეულო წარმოების ადგილს ემსგავსება - წინასწარ დაჭრილი, ტოსტერში გახუხული პურის ნაჭრები, ინდაურის ჩიჩია, სალათის ფოთლები და ჩემი ბოსტნის უგემრიელესი პომიდორი - ეს ჩემი "საწარმოო საშუალებებია".
ცხადია, და ეს უკვე მექანიკურად, ყავა ამ ყველაფრის პარალელურად მოვიდუღე, facebook და ელექტრონული ფოსტა შევამოწმე და გავქანდი.
სკოლა 3-5 წუთის მანძილზეა და ეს ყველაზე მეტად მომწონს.
დანარჩენს, სხვა დროს მოგიყვებით.
სან-ფრანცისკოში მივდივარ!!!

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page